ზურაბ წერეთლის შემოქმედების “სავარაუდო სამყაროები”

ხელოვნება ვერ იქნება რეალისტური ოდნავი ირრეალურობის თვინიერ. მუდამ ვგრძნობდი, რომ სილამაზე ორმხრივია. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ... გაიხსენეთ, როგორ გამოიყურება ჩვენი პლანეტა. ჰაერში დავნავარდობთ და არ ვვარდებით. რა არის ეს, სიზმარია?!” _ მარკ შაგალი.
სახე-ხატების ჩამოყალიბება, განსხვავებული სტილისა თუ მიმართულების ელემენტებით თამაში, სამყაროს მასშტაბის ყოველდღიური ყოფის მცირე ფორმებში მოძიება და შთამბეჭდავად გაშლა, მითოლოგიის ლაბირინთებში ჩაძირვა, დაბრუნებისას კი ფანტაზიების პროეცირება ტილოს სქელ ქსოვილზე, ყველანაირი სამყაროების შეთხზვა _ მხატვრული მეთოდის ყველა ეს და ბევრი სხვა ნიშან-თვისება შეიძლება მივაწეროთ ზურაბ წერეთლის თავისებური ხასიათის ხელოვნებას.
ანტიპოდების კომბინირება, ფანტაზიის შერწყმა, სიზმრების ფაქტურა და  ჩვეული რეალობის ვიზუალური დაკვირვება თუ სტაბილური სტრუქტურა დღენიადაგ თან სდევს ზურაბ წერეთლის შემოქმედებას.  კავკასიური კულტურის საიდუმლო კოდები, რომლებსაც ხან აბსოლუტური რეალობის ჟღერადობა აქვთ, ხან კი _ ლეგენდისა, მაგ.: პოემა `ვეფხისტყაოსანი,” რუსული ეპიკური და, რასაკვირველია, ბიბლიური ისტორია, აღმაფრენისა და თვითშეგნების მძლავრ წყაროდ და ხელოვანის შემოქმედების საგნად გვევლინება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს მისი ზოგადი სწრაფვა იმისაკენ, რომ მიუბრუნდეს პირველქმნილი ბუნების სახეებს, პროტოადამიანურ ყოფას, სილამაზეს პათეტიკურობისა და ყალბი ბრწყინვალების გარეშე, საწყისებს, რომლებიც მოგვევლინებიან ჭეშმარიტების სიმბოლოებად.
ხშირად სწორედ კონტრასტისა თუ გარკვეული დისონანსის წყალობით მოულოდნელად იშლება მთავარი თემა, თვით არსი რაღაც ძალზე გლობალურისა, სწორედ იმ `ყველაფრის საწყისისა,” რისთვისაც ალბათ შეიქმნა ადამიანი. სწორედ ასე წარმოადგენენ ძველი თბილისის პერსონაჟებს სევდიანი მეარღნე, მევიოლინე, კინტო, მეაბანოე. ფოლკლორული სილაღით სავსე ყოფაცხოვრების ამსახველ სცენას ცვლის შემდეგი სცენა, რომელიც სულ სხვა ისტორიას გვამცნობს, დაფარულს გამოსახვის აზრობრივი და ვიზუალური მრავალშრიანობის მიღმა. აქ უნებურად გაგონდება სახელმოხვეჭილი რეჟისორისა და მხატვრის ახლო მეგობრის გიორგი დანელიას ყველასათვის კარგად ცნობილი ფილმი `არ დაიდარდო,” რომელშიაც გმირები ასევე ცრემლნარევი სიცილით იცინიან, ხოლო ცხოვრების ხალისი ერთ წამში ტრაგედიად იქცევა.
წერეთლისათვის დამახასიათებელია ე.წ. `მაგიური რეალიზმისათვის” ჩვეული გამომსახველი და ენერგეტიკული გარემო. წარსული უპირისპირდება აწმყოს, მნიშვნელობას იძენს სრულიად უმნიშვნელო დეტალები, საკრალური ღირებულება უბრუნდება სრულიად უბრალო საგნებს. ნაწარმოებების ვიზუალური ბუნდოვანება საშუალებას აძლევს მნახველს, თავად განსაზღვროს, რა უფრო იყო სიმართლის ამსახველი და სამყაროს აგებულებას მისადაგებული _ ფანტასტიკურობა თუ ყოველდღიურობა. ზურაბ წერეთლის ნაწარმოებებში ერთმანეთს ხშირად ერწყმის სხვადასხვა საგანი თუ ადამიანის ფიგურა, ცხოველი, თევზი, ფრინველი და არქიტექტურული კონსტრუქცია, რაც მთლიანობაში ტილოს კაშკაშა პლასტიკურ ელფერს ანიჭებს. თითოეულ ტილოსა თუ ქაღალდის ფურცელს მრავალი განზომილება და სივრცითი გარღვევა ახასიათებს, რაც სცდება ფურცლის საზღვრებს და იმავდროულად ჰარმონიულად ერწყმის მათ. და მაინც, მოჩვენებითი ქაოსი, სხვადასხვა პლანის დაშრევება, ფორმის ჰიპერტროფირებული გააზრება ტოვებს ცხოვრების ჰარმონიის ზოგად შთაბეჭდილებას თავისი მკვეთრი `კუთხეებით,”  `ხიწვებით,” `ორმოებითა” და მთელი თავისი შინაგანი ფაქტურით.
ზურაბ წერეთლის ფერწერული ნაწარმოებები მეტაფორულია და სულ ერთთავად იგავური ენით გადმოგვცემს სათქმელს, თითქოს სამყაროს მასშტაბური სურათის ნაწილებს წარმოადგენს. სიუჟეტები თითქოს ძალზე უბრალოა და სულ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ამბებს ეხება, მაგრამ იგი გამოსახულია გარკვეული ეპიკური ღირსმნიშვნელოვნებით. ადამიანების, ძაღლების, ცხენების, ფრინველების დიდი, მუდამ სევდიანი თვალები მოგვაგონებს ცხოვრების დახატულ სივრცეს განცდის სიღრმისეული აკორდებით. ძნელია მხატვრის ნაწარმოებებს მიაწერო რომელიმე სტილი, რომელიღაც ერთი კონკრეტული მიმართულება. ყოველი მნახველი რაღაც პირადულს აღმოაჩენს მათში. ფერწერული ტილოები თავიანთი კომპოზიციური სტრუქტურით გაცოცხლებულ ფერად სიზმრებს ჰგვანან. ძნელი სათქმელია, რომელ ტექნიკურ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას ოსტატი; როგორც ჩანს, ეს დამოკიდებულია განწყობასა და ამა თუ იმ მასალის ხელმისაწვდომობაზე, რომლის წყალობითაც შესაძლებელი ხდება გონებაში წარმოქმნილი სახე-ხატების ვიზუალიზაცია.
ამასთან, მის ნაწარმოებებში შემოქმედების მთავარ მიზნად, ზეამოცანად დღენიადაგ შეიგრძნობა პოზიტივის თავისებური გენი; შეუძლებელია არ მოგხიბლონ გულისხმიერმა, გულგახსნილმა გმირებმა.
წერეთელი ქმნის თავის მხატვრულ რეალობას. სიუჟეტები არის და არც არის. კომპოზიცია, როგორც წესი, რთულია და მრავალმხრივი; მასში თხრობა თითქმის მთლიანად უგულებელყოფილია და გამომსახველობით მოვლენადაა ქცეული. ოსტატი ხშირად ფარავს ფურცლის მთელ სივრცეს და მთლიანად თხზავს მას. კომპოზიციისათვის მუდამ დამახასიათებელია თავისებური დახვეწილი სირთულე, რომელიც ერთდროულად ძალზე ორგანულად შეიგრძნობა. ტილოებში ჩვეულებრივ შეინიშნება რამდენიმე თვალსაზრისი; კომპოზიცია გაჯერებულია მოძრაობით და ერწყმის `სხვადასხვადროული მომენტების ერთდროულობას,” როგორც ვლადიმირ ანდრეევიჩ ფავორსკი ახასიათებდა ამგვარ მიდგომას.
წერეთელი ეროვნულ ფესვებზე დაყრდნობით ახორციელებს ტრადიციის ტრანსფორმირებას, ესწრაფვის რეალობის მითთან სინთეზირებასა და მის მხატვრულ `ქსოვილთან” მჭიდროდ გადახლართვას. ფანტაზიის სამყარო ემოციების სამყაროა და მოიცავს  არაერთ ელფერს, მთლიან, ცოცხალ და მრავალწახნაგა იერსახეს. ამ იერსახის ემოციური მინიშნების აღქმა შესაძლებელია როგორც კონკრეტულ საგნად, ისე ზემგრძნობიარე მეტაფიზიკურ ფენომენად. თამაში დროსთან და სიკეთის იდეებითა და სიყვარულით გამჭვალულ უჩვეულო რეალობასთან  _ ასეთია სამყაროს წერეთლისეული შეცნობის მეთოდი `მაგიური რეალიზმის” მეშვეობით და მისი მკვეთრად გამოკვეთილი შემოქმედებითი თავისებურება.
მრავალსაუკუნოვანი ხალხური კულტურა, ოინბაზობის ტრადიციების ეროვნული ვარიაციები, პირველსაწყისთან დაბრუნება გროტესკისა თუ სიცილის მეშვეობით იდუმალი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არანაკლებ რეალური სამყაროს შეცნობის მიზნით _  ამ ყველაფრის მიგნება შესაძლებელია ზურაბ წერეთლის პრაქტიკულად ყველა ფერწერულ ნაწარმოებსა თუ ნახატში. რომანტიკული ფანტაზია ერწყმის ყოველდღიურობას, დროდადრო იმარჯვებს მასზე და ადასტურებს სიკეთის ურყევ რწმენას; ასეთია მაგიური რეალიზმის ზეამოცანები, რომლებიც ორგანულად ერწყმის წერეთლის შემოქმედების მხატვრულ კონცეფციას.
გროტესკულობა წერეთლის შემოქმედების ერთ-ერთი თავისებურებაა. არ მოიძებნება ისეთი პორტრეტი, რომელზედაც მხატვარი, როგორც თავად აცხადებს, `გაზვიადებულად” არ წარმოაჩენდეს ნამდვილ მოდელს. იმავდროულად მისი პორტრეტების უმეტესობის ცნობა პრაქტიკულად ასპროცენტიანად შესაძლებელი გახლავთ. `ყოველ კარგ პორტრეტს კარიკატურის თავისებური ელფერი უნდა დაჰკრავდეს-ო,” _ ამბობდა ჟან ოგიუსტ დომინიკ ენგრი. მხატვარი ქმნის თითქოსდა რეალური ადამიანის სახეს, მაგრამ გარეგნული მსგავსება მისთვის თვითმიზანს არ წარმოადგენს. ჭეშმარიტი სიხარული ოსტატისათვის მოაქვს სხვა შეგრძნებას, რომელსაც იგი `ხასიათში ჩაწვდომად” აღიქვამს.
ოსტატი გატაცებით იაზრებს გამოსახატავი საგნების პლასტიკურ ბუნებასა და მეტაფიზიკურ არსს. იგი აგებს მინიშნებებისა და ასოციაციების რთულ სისტემას, იშველიებს საგნების პირდაპირ და ალეგორიულ მნიშვნელობას, რათა მთლიანობაში `გვიამბოს” ადამიანების ყოფა-ცხოვრების, მათი განსხვავებული ბედ-იღბლის, ცხოვრების ლამაზი წამების შესახებ. პერსონაჟები და საგნები ნახატებზე მეტწილად თითქოს კალეიდოსკოპის პრინციპით მოქმედებენ _ ხელის თითოეულ მოძრაობაზე ქაღალდზე გამოისახება ძნელად მისახვედრი კომპოზიციური ვარიაციები.
ზოგიერთი სახე ეტანება ვიზუალურ კოდებს; ყველაზე ხშირად გვხვდება ბანქო, სანთლები, თევზები და ბევრი სხვა `ნიშანი.” ისინი რიგ-რიგობით გაიქროლებენ დაკვირვებული მნახველის თვალწინ და იძენენ უნარს, გასცდნენ ჩვეულებრივი ჟანრული ჩანახატების ფარგლებს. ტილოს სტრუქტურაში ფესვგადგმული ასეთი ნიშნები განაპირობებს სიუჟეტების, პერსონაჟების, ხასიათების, სახეებისა და რაკურსების მრავალფეროვნებას ერთ მთლიანობაში და გვაზიარებს თავისებურ ყოვლისმომცველ ბიბლიურ მასშტაბებს. თუ შევეხებით თემებს მხატვრის ხელოვნებაში, ესაა `ღმერთი და ადამიანი,” `ადამიანი და ბუნება,” ` ქალი და მამაკაცი...” ეს გლობალური თემები, რომლებიც მოიცავს როგორც ბიბლიურ ისტორიას, ისე თქმულებების ხალხურ სიბრძნეს, უხვადაა წერეთლის შემოქმედებაში და აგრძელებს იმ გასაოცარ ხაზს, რომელიც საბოლოო ჯამში აერთიანებს მსოფლიოსათვის პრაქტიკულად ცნობილი ყველა ეპოქის ხელოვნებას. არსებობს გულის უხილავი სიმი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სამყაროებსა თუ კონტინენტებს და სამყაროს წარმოგვიჩენს დიდ შემოქმედებით სახელოსნოდ, სადაც ნებისმიერი თემა და ნებისმიერი პიროვნება საინტერესოა თუნდაც მარტო იმიტომ, რომ ამქვეყნად სულდგმულობს.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ ყოველი დიდი მხატვრის შემოქმედებით ცხოვრებაში არის განსაკუთრებული მოტივი, რომლის შეცნობასაც იგი ცდილობს თავის ყოველ ნაწარმოებში. ზურაბ წერეთელმა საკუთარი თავის გამოსახატავად განსხვავებული გზებით იარა; მისი ცხოვრების ხაზები მჭიდროდ გადაინასკვა ერთ კვანძად, რომელსაც დაერქვა ხელოვნება. რომელ თემას შეიძლება დაერქვას მთავარი და შეუძლია თუ არა მას მოიცვას მისი ცხოვრებისა და შემოქმედების მთელი სივრცე?! მავანი და მავანი იტყვის, სიყვარულის, რწმენისა და სიკეთის თემასო და მართალიც იქნება. ოღონდ ეგაა, ოსტატის ნაწარმოებს რომ შესცქერი, რწმუნდები, რომ მისი მთავარი თემა თავად ცხოვრებაა მის მყისიერ ჩანახატებსა თუ მარადიულობის მონუმენტურ ტილოებში, მის განკერძოებულობასა თუ გრანდიოზულ მასშტაბებში. ოსტატი ყოველდღე ავსებს პალიტრას ახლებური ფერების ულუფებით და ხელახლა იწყებს იმ სავარაუდო სამყაროების აღმოჩენას, რომლებიც სხვებისათვის ხელმისაწვდომი ხდება მხოლოდ არტისტული განზომილების წყალობით.

ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი                                                              
ტატიანა კოჩემასოვა

ამ დღეს გამოფენა არ არის