Shots Across the Plane

ჯგუფურ გამოფენაზე Shots Across the Plane, ჯერემი გეილსისა და ნინო მაჭარაშვილის კურატორობით, წარმოდგენილია ჯანეტ ბიგსის, თამარა კ.ე.-ს, პიპილოტი რისტის, დანა სედეროვსკის, ჰიტო შტეიერლისა და თამარ ჩადუნელის ვიდეო-ნამუშევრები. ხელოვანთა და მათ ნამუშევართა უმეტესობა პირველად არის ნაჩვენები საქართველოში. Shots Across the Plane გამორჩეული ვიდეო არტისტების შემოქმედებას აერთიანებს. არტისტებისთვის ძირითადი თემებისა და იდეების გარშემო გამოფენა საკუთარ ვიზუალურ ნარატივს ქმნის, რომელიც კონკრეტულ დროს ან ადგილს არ უკავშირდება და ვიდეო არტის განსაკუთრებულ სამეტყველო ენას გადმოსცემს.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს თითოეული ნამუშევარი საწყისი კონტექსტის მიღმა აღიქვას და თავად შეისწავლოს მათ შორის დაპირისპირებული იდეები და თემები. ჯანეტ ბიგსის Vanishing Point ორ სრულიად განსხვავებულ სცენას აერთიანებს. არტისტი ორ დაპირისპირებულ სამყაროს ქოროსა და რბოლის სახით წარმოგვიდგენს. Man Encounters Only Himself არის ჩადუნელის მიერ შექმნილი ციფრული სივრცე, რომელიც კრიტიკული მიდგომით ყოველგვარ ჩარჩოებსა თუ წესებს ეწინააღმდეგება და ეჭვქვეშ აყენებს დამკვიდრებულ თეორიებსა და ღირებულებებს.

თამარა კ.ე.-ს ნამუშევრები Celestial Gossip და Comin’ Home ასახავს ფემინურობის ცნებას, რომელიც უნაკლოა და არ არის დატვირთული კულტურითა და ბუნებით.
გამორჩეული ვიდეო არტისტის პიპილოტი რისტის You Called me Jacky იმ ტენდენციების წინამორბედად ითვლება, რასაც დღეს თანამედროვე ციფრულ ნამუშევრებში ვხვდებით. თეატრალურად აწყობილ ნამუშევარში რისტი იყენებს კადრების გადაფარვის ტექნიკას, რაც მას მედიის, იდენტობისა და არტისტის, როგორც პერფორმერის შესწავლის საშუალებას აძლევს.

სედეროვსკის Special Announcement სერიის ნაწილი The Exit ლინგვისტური თამაშებისა თუ წესების ფსიქოლოგიურ ასპექტებსა და შედეგებს იკვლევს. ეს ნამუშევარი თავისი ორიგინალურობით მაყურებლის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ჰიტო შტეიერლის ნამუშევარი Lovely Andrea პირველად Documenta 12-ზე იყო წარმოდგენილი. ის ასახავს არტისტის დამოკიდებულებებს სექსუალობისა და ძალადობის თემების მიმართ.

გამოფენის მხარდამჭერები არიან Project ArtBeat, Zurab Tsereteli Museum of Modern Art, Luftstrom SP, IASPIS, შვედეთის საელჩო საქართველოში.

გამოფენის მიმდინარეობა: 2 მაისი-28 მაისი
 11:00-19:00 (დასვენების დღე: სამშაბათი)

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 27, 0114 თბილისი.

ამ დღეს გამოფენა არ არის