ნინა პერი „მათი დრო მოვიდა“

გამოფენა “Their Time Has Come” („მათი დრო მოვიდა“) ცოლების მკვლელ ბოროტ ქმარზე დაწერილ ცნობილ ფრანგულ ზღაპარს „ლურჯწვერა“ ეფუძნება. ზღაპარს ალბათ ყველა შარლ პეროს წყალობით იცნობს, თუმცა მას საფუძვლად ნამდვილი ამბავი დაედო. „ლურჯწვერას“ პროტოტიპ ბარონ ჟილ დე რეს (Gilles de Rais) მრავალ მკვლელობაში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს. მეტსახელ „ლურჯწვერას“ იმ კაცების მიმართ იყენებენ, რომლებიც ამა თუ იმ მეთოდით საიქიოში ისტუმრებენ ცოლებს ან დაუღალავად იმონებენ მათ. ყველაზე ცნობილი მამაკაცი, რომელმაც ეს სახელი სამართლიანად დაიმსახურა ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ა (1491-1547). პროექტის მთავარი პორტრეტიც სწორედ მისია - ჰენრი VIII-ს განსახიერება თანამედროვე სამყაროში ჰანს ჰოლბეინ უმცროსის მიერ დახატული მეფის ცნობილი პორტრეტის მიხედვით. რეინკარნაცია თანამედროვეობაში. როგორი იქნებოდა ის დღეს? „ლურჯწვერას“ გარეგნობის თანამედროვე ინტერპრეტაცია იდეალურად აერთიანებს შემდეგ თვისებებს: ავტოკრატია, სიმკაცრე და ზედმეტად მოუთოკავი სექსუალური მიდრეკილებები, რომლებიც მის სახეს კიდევ უფრო ამძაფრებენ. როგორები იქნებოდნენ მისი ახლანდელი ცოლები? შევეცადე, გამოფენაზე ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ქალები წარმომედგინა, რომლებიც პირობითად, ფიზიკურად და მორალურად არიან დამონებული. ძლიერი და ძალაუფლების მოყვარული კაცის მიერ ქალის დაჩაგვრა, საზოგადოებრივი აზრის შიში, სხვაზე დამოკიდებულება, სისუსტე და ა. შ. ეს თემა დაფიქრებას საჭიროებს. ცხოვრებაში ისეც ხდება, რომ ბევრ ქალი არც კი ეჭვობს, რომ წნეხის ქვეშ იმყოფება. ზოგიერთი ამას ნაწილობრივ გრძნობს, უღიმის ცხოვრებას, ბედნიერებისკენ ისწრაფვის. ეს ხომ ისეთი ბუნებრივი რამაა. გვიღიმიან ჩვენ, საზოგადოებას... არ გამოაქვთ თავისი ტკივილი საყოველთაო სამსჯავროზე. ზოგს შეუძლია, გულით გაიღიმოს, სხვებისთვის კი ეს მხოლოდ ნიღაბია... რა უწყობს ხელს ქალის არათავისუფლებას? ილუზიები, საზოგადოება, რომელსაც არ სურს იცოდეს პრობლემის შესახებ და წინ აღუდგეს მას; პირადი, ადამიანური სისუსტე და ცვლილებებისკენ ნაბიჯის გადადგმის უუნარობა; თავისი თავისთვის ბრძოლისა და ბედნიერების გასაღების პოვნის ვერ მოხერხება; ვარდისფერი სათვალეები, რომლებიც რეალობას მალავს; სექსუალური და მატერიალური დამოკიდებულება და ბევრი სხვა რამ. „მათი დრო მოვიდა“ ის სლოგანია, რომელიც მთელი მსოფლიოს ქალებს თავისუფლებისა და ბედნიერების იმედს აძლევს.

ამ დღეს გამოფენა არ არის